logo
ENG



გახელაძის ოჯახი ერგნეთში ჩავა, სადაც IPRM-ის მე-100 შეხვედრას ეუთოს გენმდივანი დაესწრება

15 ივნ 202110:23
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახი ერგნეთში ჩავა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-100 შეხვედრა უნდა გაიმართოს. 

შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდტი. მას ერგნეთში 12 საათზე ელოდებიან. 

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამოიყენებენ ყველა შანსს, რათა ზაზა გახელაძეს ოკუპანტების ტყვეობიდან დაიხსნან.

უკანონო პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ - ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს. 

ისინი ზაზა გახელაძის 23 ივნისამდე გათავისუფლებას ითხოვენ - ამ დღეს ის 34 წლის ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა